თაზო დათუნაშვილი - ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება ხალხის ფულს იპარავს - ასეთი მასშტაბის კორუფცია შევარდნაძის დროსაც არ აქვს საქართველოს ნანახი - Palitra News

თაზო დათუნაშვილი - ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება ხალხის ფულს იპარავს - ასეთი მასშტაბის კორუფცია შევარდნაძის დროსაც არ აქვს საქართველოს ნანახი

2026-07-14 14:30:24+04:00

ბოლოდროინდელმა დაკავებებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად, როგორი მასშტაბის კორუფციაც შევარდნაძის დროსაც არ აქვს დამოუკიდებელ საქართველოს ნანახი, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველო - ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სუს-ში გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მმართველი გუნდი კლანურ დაპირისპირებაში იმყოფება წინა მმართველ გუნდთან და მხოლოდ ამის გამო ხდება დაკავებები და ამ ყოველივეს რეალურად არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან.

„დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს 9 რეგიონში კორუფციის ბრალდებით 28 პირი დააკავა, რომელთა საქმიანობითაც „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში სახელმწიფოს დაახლოებით 700 000-მდე ლარის ზიანი მიადგა. ამ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის დანაშაული აქვთ ჩადენილი, როგორიცაა ქრთამის აღება, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადდება, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვა, ასევე სახელმწიფოს კუთვნილი თანხების და მიწის ნაკვეთების მითვისება. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში კორუფციის პრობლემა არის სისტემური და „ქართული ოცნება“ არათუ მას ებრძვის, არამედ თხემით ტერფამდე კორუფციაშია გასვრილი. მმართველობის ყველა რგოლში კორუფცია არის ცხოვრების წესი, ამით სულდგმულობს მთელი საქართველოს საჯარო მმართველობითი სისტემა. ბოლოდროინდელმა დაკავებებმა ჯამში აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ კორუმპირებულ, მომპალ და დამნაშავე პოლიტიკურ რეჟიმად ჩამოყალიბდა, ისეთად როგორი მასშტაბის კორუფციაც ედუარდ შევარდნაძის დროსაც არ აქვს დამოუკიდებელ საქართველოს ნანახი.

აქვე შეგახსენებთ, ამ 28 ახალ დაკავებულ პირთან ერთად ფაქტობრივად ასობით ადამიანია დაკავებული კორუფციის ბრალდებით. მათ შორის საპყრობილეში ამ კონკრეტულ მომენტში ზის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელსაც სახლში უპოვეს კოლოსალური რაოდენობის ნაღდი ფული და ოქროს ზოდები. სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი, რომელსაც კონკრეტულად ქრთამი აქვს აღებული ერთი რიგითი თურქი ბიზნესმენისგან და მფარველობდა თაღლითური „ქოლცენტრების“ მთელ სისტემას საქართველოში. აქ საკითხავია, სად წავიდა ეს თაღლითური „ქოლცენტრები“, აქ არავინ არაა დაკავებული და ვინმემ ხომ არ გადაიბარა „ქართულ ოცნებაში“ მათი მფარველობა.? დაპატიმრებულია და საპყრობილეში ზის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელმაც ქართულ ჯარს საკვებიდან მოპარა ფული და შეიარაღებული ძალები გაძარცვა. ამ კორუფციულ დანაშაულებში ის იყო ჩართული თავისი მოადგილეებით, დეპარტამენტის უფროსებით და რაც მთავარია, ოჯახის წევრებით. ივანიშვილმა შექმნა სისტემა, სადაც აბსოლუტურად ყველა უწყება იპარავს ხალხის ფულს, იქნება ეს თავდაცვის სამინისტრო, უსაფრთხოების სამსახური, ინფრასტრუქტურის სამსახური თუ თბილისის მერია. ამ ფულს პირველ რიგში თქვენ გპარავენ - ბაღებს, უფასო სასადილოების ბენეფიციარებს, სკოლის მოსწავლეებს, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებს, ქართველ პოლიციელებს და თითოეულ თქვენგანს, ვინც შრომობს და პატიოსნად იხდის გადასახადებს, რომელსაც შემდეგ ჯუანშერ ბურჭულაძე და ძმანი მისნი ხაპავენ.

გენერალური პროკურორის 2025 წლის ანგარიშში, პარლამენტის წინაშე საგანგაშო რიცხვებია გამოცხადებული. საქართველოში, უკანასკნელი წლების განმავლობაში, კორუფციული დანაშაული არის მზარდი. 230 სისხლის სამართლის საქმეა დაწყებული ბოლო წლებში, აქედან სისხლის სამართლებრივ დევნაში მიცემულია 125 პირი და მათგან 82 არის საჯარო მოხელე. კატასტროფული რიცხვებია. ამით ვინმემ თავი კი არ უნდა მოიწონოს. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ ეროვნული განგაში, რომ ქვეყანა კორუფციაში იხრჩობა. საქართველოს კორუფცია ანადგურებს და ყველას უნდა ესმოდეს, რომ მთელ ჩვენს სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქსოვილს სისტემა ანადგურებს და ჭამს. ეს გუნდი ვინც ახლა ხელისუფლებაში არის კლანურ დაპირისპირებაშია წინა გუნდთან, ამიტომ ვხედავთ ამ დაპატიმრებებს, თორემ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არსად ჩანს ის „ქოლცენტრები“, რომლებსაც კურირებდა ლილუაშვილი, არსად ჩანს კონკრეტული დამნაშავეების და კონკრეტული ბიზნესების მფარველობა გაგრძელდა თუ არა. ეს არის ჩვეულებრივი კლანური დაპირისპირება. „ქართული ოცნების“ მოქმედი მმართველი კლანი ებრძვის წინა კლანს და ამას არანაირი კავშირი არ აქვს რეალურად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ერთადერთი გზა არსებობს, რომ კორუფცია ამ ქვეყანაში დამთავრდეს და ეს არის ივანიშვილის კორუფციული რეჟიმის მოშორება ამ ქვეყნის მმართველობიდან“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს სუს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ 9 რეგიონში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში 28 პირია მიცემულია.