[კაია კალასის განცხადება] მათ ენაზე ნიშნავს, „საქართველოში რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ვეძებთ, ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ვცდილობთ, ეს შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი შეფასებით, კალასის ეს განცხადება ქართველი ხალხის მიმართ არანაირ პატივისცემას არ ნიშნავს.
„[კაია კალასის განცხადება] მათ ენაზე ნიშნავს, „საქართველოში რევოლუციის მოწყობის ახალ გზებს ვეძებთ, ჯერ ვერ მოვიფიქრეთ, მაგრამ ვცდილობთ, ეს შორეულ პერსპექტივაში არ გადავდოთო“. კაია კალასის განცხადება ქართველი ხალხის მიმართ არანაირ პატივისცემას არ ნიშნავს. როგორ შეიძლება, სერიოზულად ამტკიცო, რომ ოპოზიციამ იმდენი ხმა მიიღო, რომ მათ საქართველოს ხელისუფლების ფორმულირება შეუძლიათ? - ამდენი ხმა არც ახლა და არც აქამდე მიუღიათ. პატრონებმა ოპოზიციას უზარმაზარი შეცდომა დააშვებინეს. მათ ნაწილს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაც არ მიაღებინეს და პოლიტიკას მოწყვიტეს, როგორც საკრებულოების დონეზე, ასევე მანამდე საპარლამენტო დონეზე. რა ავტორიტეტო უნდა შეინარჩუნონ? - ეს ხალხი ამ ყველაფერს ჩამოაშორეს და ახლა ცხარე ცრემლით ტირიან, რეიტინგი რატომ არ აქვთ - ვერ ექნებათ! დასავლეთში მყოფმა პატრონებმა რადიკალურ ოპოზიციას დანაშაულებრივი შეცდომები დააშვებინეს“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ამასთან, თენგიზ შარმანაშვილმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეუთო/ოდირის მორიგ საპარლამენტო არჩევნებზე მოწვევის საკითხს შეეხებოდა და აღნიშნა, რომ არჩევნებზე საუბარი ჯერ ადრეა და ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით იქნება განპირობებული.
„ეუთო-სთან შემდგომი ურთიერთობა განპირობებული იქნება მათ მიერ გადმოდგმული ნაბიჯებით. ჩვენ რაიმე განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ძირითადი ინტერესია ის, 2028 წლის არჩევნებზე ეუთო/ოდირიდან დამკვირვებლები იქნებიან თუ არა. ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, მაგრამ ურთიერთობა გვექნება და იმედია, ისინი რეალისტურ ნაბიჯებს გადმოდგამენ და სამართლიანი დამოკიდებულება იქნება. თუ ასე იქნება, ჩვენი მხრიდან ჩვენი საპასუხო ნაბიჯები არ დააყოვნებს და კეთილგანწყობით ვიქნებით მასთან.
თქვენ არ წარმოიდგინოთ, რომ „დიფ სთეითი“ ვიწრო დაჯგუფებაა. უზარმაზარი საფინანსო და პოლიტიკური გავლენების მქონე დაჯგუფებებია. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ისინი სხვადასხვა სახის საპარლამენტო ასამბლეაზე ზეწოლას ახდენენ. პარლამენტებზე გავლენები აქვთ. ეუთო-ს დასკვნაში საქართველოს თაობაზე გაცილებით ნაკლები სიმძაფრეა, ვიდრე თუნდაც, ჩვენს სამეზობლოში ჩატარებულ არჩევნებზე. ამერიკაში ჩატარებულ არჩევნებთანაც კი. ცალსახად იყო ნათქვამი, რომ არჩევნები შემდგარი იყო. ახლა ორი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ ეს დოკუმენტი გაეყალბებინათ. მათი დასკვნიდან ის გამომდინარეობს, რომ ლამის საქართველოს ხელისუფლება არალეგიტიმურია. ამას ორი წლის შემდეგ ამბობენ. რა თქმა უნდა, გავლენის ქვეშ არიან“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.