რუსეთში ბენზინის წარმოება მოხმარების ორ-მესამედამდე შემცირდა - Palitra News

რუსეთში ბენზინის წარმოება მოხმარების ორ-მესამედამდე შემცირდა

2026-07-14 13:54:13+04:00

რუსეთში ბენზინის წარმოება მოხმარების ორ-მესამედამდე შემცირდა. დიდი გადამამუშავებელი ქაარხნების გათიშვის გამო, რუსეთში საავტომობილო ბენზინის წარმოება, ზაფხულის საშუალო მოხმარების 65%-მდე დაეცა. ამის შესახებ Reuters-ი ინდუსტრიაზე დაყრდნობით წერს. ივლისის პირველ ათ დღეში, საავტომობილო ბენზინის უმსხვილესი მწარმოებლები, კერძოდ, NORSI და ომსკის გადამამუშავებელი ქარხანა გაჩერდა, რომლებიც დღეში ჯამურად დაახლოებით, 30 000 ტონა პროდუქტს აწარმოებენ. ასევე, გაჩერდა სარატოვის ქარხანაც. Reuters-ის წყაროს თანახმად, ქარხნების დახურვის გათვალისწინებით ამ თვის დასაწყისიდან პროდუქტის გამოშვება დღეში 75 000-80 000 ტონამდე დაეცა, მაშინ, როცა ზაფხულისთვის ტიპური შიდა მოხმარება დღეში, დაახლოებით, 115 000-120 000 ტონას შეადგენს.

ამდენად, წარმოებასა და ბაზრის საჭიროებებს შორის სხვაობამ დღეში 40 000-45 000 ტონა, ანუ, დაახლოებით, 35%-ს მიაღწია. არადა ივნისში წარმოებასა და მოხმარებას შორის სხვაობა, დაახლოებით, 25%-ად შეფასდა. Reuters-ი წერს, რომ საავტომობილო ბენზინზე ბაზრის მოთხოვნის ნაწილი, რომელსაც წარმოება ვეღარ ფარავს, ადრე დაგროვილი რეზერვების გამოყენებით მარაგდება. ამასთან, ბენზინგასამართ სადგურებზე ქაოსის გამო საწვავზე მოთხოვნა გარკვეულწილად შემცირდა: ბევრი მფლობელი ავტომობილს აღარ იყენებს, თუ ეს უკიდურესი აუცილებლობით არ არის გამოწვეული, რადგან არავის უნდა საწვავის გრძელ რიგში დგომა ან შუა გზაზე ცარიელი ავზით გაჩერება. რუსეთის მთავრობის შეფასებით, ქარხნების დაზიანებისა და გაზრდილი მოთხოვნის გამო, საწვავის ბაზარზე მდგომარეობა "რთულია", ამიტომ ხელისუფლებამ დიზელის საწვავის ექსპორტიც აკრძალა და ნავთობპროდუქტების იმპორტი დაიწყო.

Energy Intelligence-ის მონაცემებით, რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების ნახევარი ამჟამად უმოქმედოა, ხოლო ქარხნების დატვირთვა 1990-იანი წლების ბოლო და 2000-იანი წლების დასაწყისის დონეზე დაეცა. Reuters-ის გათვლებით, რუსეთში ბენზინის წარმოება წლიურად 25%-ით, ხოლო დიზელის საწვავის, თითქმის, 40%-ით შემცირდა.