იპოთეკური სესხები გაიაფდა, ლომბარდული კი გაძვირდა. ვნახოთ, როგორია კრედიტებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი. სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ამ წლის მაისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში სესხებზე საბაზრო საპროცენტო განაკვეთები მცირედით გაიზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, მაისში საშუალოდ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 13.46%-ს შეადგენდა, მაშინ, როცა აპრილში 13.32%- ი იყო. ამავე სტატისტიკით, საანგარიშო პერიოდში, ეროვნულ ვალუტაში გაცემულ სესხებზე განაკვეთი 15.61%-დან 15.78%-მდე გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში კი პირიქით 9.56%-დან 9.37%-მდე შემცირდა. რაც შეეხება კონკრეტულად საბანკო პროდუქტებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, შინამეურნეობებისთვის მცირედით გაიაფდა თითქმის ყველა საბანკო პროდუქტი, გაძვირდა მხოლოდ ლომბარდული და ავტოსესხი. ასე მაგალითად, ერთ თვეში იპოთეკური სესხების განაკვეთი 12.05%-დან – 11.92%-მდე შემცირდა; ავტოსესხზე კი პირიქით - 24,92%-დან 25,76%-მდე გაიზარდა.