სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 28 პირი დააკავა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. გამოძიება მოიცავს ქრთამის აღების, სახელმწიფო თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებს. სუს-ის ინფორმაციით, საქმეები უკავშირდება სახელმწიფო შესყიდვებში გამოვლენილ დარღვევებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს ასობით ათასი ლარის ზიანი მიადგა. უწყებაში აცხადებენ, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მსგავსი დანაშაულების გამოვლენა აქტიურად გაგრძელდება.