აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, საბოლოოდ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამასთან, მისი თქმით, ირანთან ომი „ძალიან სწრაფად“ ვითარდება.
„მათზე თავდასხმას ვახორციელებთ და ვანადგურებთ ყველაფერს, რაც ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულ მათ შესაძლებლობებს ეხება. ვფიქრობ, საბოლოოდ, მთელი სრუტე ჩვენი კონტროლის ქვეშ მოექცევა,“ - განაცხადა ტრამპმა თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
კითხვაზე, რამდენ ხანს ელის ომის გაგრძელებას, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მისი აზრით, კონფლიქტი სწრაფად ვითარდება.
„ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ჩვენ მათი სამხედრო ძალები გავანადგურეთ,“ - განაცხადა ტრამპმა. მისი შეფასებით, ირანის წინააღმდეგ განახლებული საჰაერო იერიშების კამპანია „სამხედრო შეტაკებაა“ და უარყო, რომ ეს კონფლიქტის ახალი, ხანგრძლივი ეტაპის დაწყებას ნიშნავს. თუმცა, არ დააკონკრეტა, რამდენ ხანს გაგრძელდება სამხედრო ოპერაცია.
„უნდა გავაკეთოთ ის, რასაც ახლა ვაკეთებთ. მათი შესაძლებლობები ძალიან მნიშვნელოვნად შევამცირეთ, მაგრამ ისინი კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში იბრძოლებენ“, - აღნიშნა ტრამპმა.
მისი მტკიცებით, საბოლოოდ ირანთან შეთანხმების მიღწევას შეძლებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ახლო მომავალში შეთანხმების გაფორმების მოლოდინი მცირეა.
„შეთანხმებისთვის საჭიროა ისეთი ადამიანები, რომლებსაც მისი მიღწევა სურთ. ორი დღის წინ მათთან შეთანხმება გვქონდა, მაგრამ შემდეგ თქვეს: „არა, ამ შეთანხმებას ვერ დავდებთ. მოლაპარაკებები კიდევ უნდა გავაგრძელოთ“, - აღნიშნა ტრამპმა.