აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება კვლავ მწვავდება. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ბოლო ოპერაციის ფარგლებში ამერიკულმა ძალებმა 140-მდე ირანულ სამხედრო სამიზნეს დაარტყეს, მათ შორის სარაკეტო და დრონების ბაზებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს, საბრძოლო მასალის საცავებს, საკომუნიკაციო ქსელებსა და ჰორმუზის სრუტის სანაპირო სათვალთვალო პოზიციებს. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ოპერაცია პასუხი იყო ირანის მიერ კომერციულ გემზე განხორციელებულ თავდასხმაზე. საპასუხოდ, ირანმა რაკეტებითა და უპილოტოებით შეუტია ამერიკულ სამხედრო ობიექტებს ბაჰრეინში, კატარში, ქუვეითში, ომანსა და იორდანიაში. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს ღიას შეინარჩუნებს, თუმცა თეირანთან დიალოგის შესაძლებლობას კვლავ არ გამორიცხავს. ირანი კი აცხადებს, რომ ამერიკული დარტყმები აგრესიის გაგრძელებაა და საპასუხო მოქმედებებს გააგრძელებს.