რამდენად საიმედო პარტნიორია ევროკავშირისთვის საქართველო, როცა საქმე შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებას ეხება? - ეს კითხვა განსაკუთრებით გააქტიურა ევროკავშირის მინისტერიალმა, რომელზეც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრები შავი ზღვის რეგიონების უსაფრთხოებასა და ევროკავშირის სტრატეგიულ მიდგომებზე იმსჯელებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა დასავლეთისგან უკვე იზოლირებულია, რასაც მსგავსი შეხვედრის საქართველოს გარეშე ჩატარებაც ადასტურებს. ისინი მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას აკისრებენ. მინისტერიალზე განსახილველ სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გავლენა შავი ზღვის რეგიონში იზრდება, განსაკუთრებით უკრაინასა და მოლდოვას შემთხვევაში, საქართველოზე მსჯელობა კი დაიწყება მაშინ, როცა ქვეყანა ევროინტეგრაციის კურსს სრულად დაუბრუნდება.