თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა - Palitra News

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა

2026-07-12 11:09:49+04:00

თელავში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა. შტაბის წევრები არიან როგორც საკანონმდებლო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შტაბის წევრებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და როგორც აღნიშნეს, სამომავლო პრევენციულ გეგმაზე შეჯერდნენ.

მათივე განცხადებით, სტიქია საკმაოდ მასშტაბურია და ძირითადად განადგურებულია ქალაქის ინფრასტრუქტურა. ასევე, მოქალაქეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შესასწავლია გარკვეული ქუჩების მდგომარეობა, რის გამოც აღნიშნულ უბნებზე მოძრაობა აკრძალულია.

თელავში ამ ეტაპზე აღარ წვიმს და წყლის დონემ იკლო.

ამ დრომდე მოსახლეობა ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.

ცნობისთვის, თელავში უხვი ნალექის შედეგად, თელავის ხევი ადიდდა, რის გამოც დატბორილია კავკასიონის და ალაზნის გამზირის ქუჩების ნაწილი. უხვმა ნალექმა ხევის კალაპოტი გაარღვია და წყალი ქუჩებში მიედინებოდა.

დატბორილია კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები და მაღაზიები. დაზიანებულია ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები.