ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსი, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,ალეკო ელისაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, დაკავებულ პოლიტიკოსს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული ეპიზოდი თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობაში მომხდარ ფაქტს ეხება, სადაც მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ალეკო ელისაშვილის ქმედება აღკვეთეს და შემდეგ უკვე ის ადგილზე სამართალდამცავებმა დააკავეს.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ალეკო ელისაშვილს ბრალდება კიდევ ერთ ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ტერორისტულ აქტს, ესე იგი აფეთქებას, ცეცხლის წაკიდებას, ადამიანზე თავდასხმას, იარაღის გამოყენებას ან სხვა ქმედებას გულისხმობს ჩადენილს ტერორისტული მიზნით, რომელიც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის, ან სხვა მძიმე შედეგის განხორციელების საშიშროებას ქმნის.
აღნიშნული ქმედება 10-დან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.