თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე 8 პოლიტიკოსის პროცესი გაგრძელდა, სადაც ოთხი მოწმე - ორი პოლიციელი და ორი ექსპერტი დაკითხეს. ბრალდებულები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულ დევნად აფასებენ. უფლებადამცველმა ზვიად კორძაძემ განმარტა, რომ ერთ-ერთმა მოწმემ სასამართლოში პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძირითად გარემოებად მათი მოქალაქეებისადმი საჯარო გამოსვლები დაასახელა, რაც დაცვის მხარის შეფასებით ბრალდების ყველაზე სუსტი და ამავდროულად ყველაზე საგულისხმო ეპიზოდია. ადვოკატების თქმით, გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი არ აქვთ და ვარაუდობენ, რომ საქმის განხილვა თვის ბოლოს დასრულდება. საქმეზე ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიორგი ვაშაძე, ნიკა გვარამია, ნიკა მელია, ზურაბ ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა და მას ბრალდებულებიც ესწრებოდნენ.