საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება - ბაზარზე იმპორტის მკვეთრი ზრდა ბოლო 3 თვეა ფიქსირდება. საგარეო ვაჭრობის პორტალის მიხედვით, თუ 2026 წლის თებერვალში საქართველოში 9 მილიონ 267 ათასი დოლარის 623 ერთეული ელექტრომობილი შემოვიდა, მარტში ამ მაჩვენებელმა 16 მლნ დოლარს გადააჭარბა და შემოვიდა 1 101 ელექტრომობილი, რაც წინა თვესთან შედარებით, რაოდენობრივად 76.7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი თვეა იმპორტის მზარდი დინამიკა ნარჩუნდება. ასე მაგალითად, თუ აპრილში ქვეყანაში შემოსული ელექტრომობილების ღირებულება 16 მილიონ 580 ათასი დოლარი იყო, მაისში ეს მაჩვენებელი 17 მილიონ დოლარს გადასცდა. მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება და მიმდინარე წლის მაჩვენებელს თუ ვნახავთ, ჯამურამ ამ წლის განმავლობაში 69 მილიონ 457 ათასი დოლარის ღირებულების 4 689 ელექტრომანქანის იმპორტი მოხდა. ეს კი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივად 56%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამასთან, საქსტატის მონაცემებით, წელს ერთი ელექტრომობილის საშუალო თვითღირებულება შემცირებულია. მაგალითად, თუ 2026 წლის ხუთი თვის საშუალო მონაცემებით ერთეულის ღირებულება 14 800 დოლარია, წინა წლის იგივე პერიოდში ეს თანხა საშუალოდ ერთ ელექტრომობილზე 17 300 დოლარს აღწევდა.
სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე მეტი ელექტროავტომობილი აშშ-დან შემოვიდა, რომელზეც მთლიანი იმპორტის თითქმის 79.8% მოდის. სამეულში მეორე და მესამე პოზიციას იმპორტის მოცულობის თვალსაზრისით ჩინეთი და გერმანია იკავებენ. მოგეხსებებათ, რომ 1-ელი აპრილიდან საქართველოში 2024 წლამდე გამოშვებული ყველა ავტომობილის განბაჟება გაძვირდა. ამ ფონზე ელექტრომობილები ისევ შეღავათით სარგებლობენ და მათი იმპორტი აქციზით არ იბეგრება. შესაბამისად, ეკონომიურობის და ეკოლოგიურობის გარდა, ეს კიდევ ერთი მიზეზია ბოლო დროს ელექტრომობილების იმპორტის მკვეთრი ზრდისთვის.