საქართველოს წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ და საერთაშორისო დეველოპერულმა ბრენდმა „NEXT“-მა, ვარშავაში ერთობლივი გაყიდვების ოფისი გახსნეს. ახალი სივრცე ვარშავის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ბიზნესუბანში, The Warsaw HUB-ში განთავსდა. ეს ის ადგილია, სადაც გლობალური კომპანიების, მათ შორის Google-ის რეგიონული ოფისები მდებარეობს და პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესჰაბია, რაც კომპანიების საერთაშორისო გაფართოებისთვის სტრატეგიული ლოკაციაა. ოფისის ოფიციალურ გახსნას კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან ერთად საქართველოს დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პარტნიორები, საერთაშორისო ინვესტორები და პოლონური ბიზნეს საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. სტუმრებს შორის იყო საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში. პოლონური ოფისი ოფიციალურად „არქის“ გენერალურმა დირექტორმა, შიო ხეცურიანმა და NEXT-ის - აღმასრულებელმა დირექტორმა სოფიო ჭელიძემ, კომპანიების მენეჯმენტის წევრებთან ერთად გახსნეს. ვარშავის ახალი ოფისი რეგიონულ ჰაბად იმუშავებს იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და სასტუმრო პროექტებით არიან დაინტერესებული. ოფისი მომხმარებლებს ადგილობრივ საკონსულტაციო მომსახურებას, საინვესტიციო მხარდაჭერასა და „არქისა“ და NEXT-ის უახლეს პროექტებზე პირდაპირ წვდომას შესთავაზებს.
„არქი“ საქართველოს წამყვანი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის დაახლოებით 20%-ს ფლობს. არქი იყო პირველი დეველოპერი საქართველოში, რომელმაც მასშტაბური მასტერდეველოპმენტის კონცეფცია დანერგა. ილია წულაიასა და მისი პარტნიორების მიერ 2006 წელს დაფუძნებულ კომპანიას დასრულებული აქვს 55-ზე მეტი პროექტი და აერთიანებს 70,000-ზე მეტ მაცხოვრებელსა და ინვესტორს 30 ქვეყნიდან. ბოლო წლებში არქიმ საერთაშორისო გაფართოება დაიწყო და პროექტები გლობალურ ბაზრებზე, მათ შორის აშშ-ში, ფლორიდაში, წარადგინა. NEXT-ისთვის ვარშავის ოფისის გახსნა კომპანიის საერთაშორისო განვითარების სტრატეგიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ეს კომპანიის მესამე საერთაშორისო ოფისია, დუბაისა და კენიის შემდეგ. დღეისათვის NEXT-ს მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე აშენებული და მიმდინარე განვითარების პროცესში აქვს 1 000 000 კვადრატულ მეტრზე მეტი უძრავი ქონება, ხოლო კომპანიის მართვის ქვეშ არსებული აქტივების ღირებულება 1.2 მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანია 65-ზე მეტი ქვეყნის ინვესტორს ემსახურება.