როგორც მოგეხსენებათ, საქართველო „შუა დერეფნის“ სავაჭრო, ეკონომიკურ და ციფრულ ლოჯისტიკურ ჰაბად ყალიბდება, რაც ჩემს ყველა შეხვედრაზე აღინიშნა - ბოლო ოთხი წელი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, სრულყოფილი, საკუთარ ეროვნულ ინტერესზე მოტივირებული ქვეყანა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომელმაც ჟენევაში, ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ გაეროს გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
ყაველაშვილის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის დატვირთვის კუთხით საქართველო წამყვანია.
„საშუალება გვქონდა, დავსწრებოდით ფორუმს მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის როლზე, სადაც მე მქონდა სიტყვა. საკმაოდ საინტერესო დისკუსიები წარიმართა. სხვათა შორის, ხელოვნური ინტელექტის დატვირთვის კუთხით ამ დროისთვის საქართველო წამყვანია. ჩვენი სურვილია, ეს მიმართულება საქართველოში უფრო კარგად იყოს განვითარებული. მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი გაერო-ს გენერალურ მდივანს, ბატონ გუტიერეშს. დღეს შევხვდი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორს და ყველა ერთხმად აღნიშნავს საქართველოს განვითარების ტემპს, მის ეკონომიკურ განვითარებას, სამშვიდობო პოლიტიკას, ლოჯისტიკურ ჰაბს სამხრეთ კავკასიის „შუა დერეფნის“.
ბედნიერი ვიყავი, რომ ასეთი კარგი შეფასება დაიმსახურა საქართველომ. მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს შეფასებები სწორედ იმის დასტურია, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მისი პოლიტიკა, მთავრობის არსებული გადაწყვეტილებები ყველასთვის ცნობილია. სხვათა შორის, გაკვირვებულიც ვიყავი, რამდენად კარგად ფლობენ სიტუაციის მნიშვნელობას, თუ როგორ ვითარდება ჩვენი ქვეყანა. გამოითქვა ამ ორგანიზაციებთან მჭიდრო ურთიერთობების სურვილი - რა თქმა უნდა, მზად ვართ. ჩვენ ყოველთვის ამაყად წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას. ხაზგასასმელია პროცესები, რაც საქართველოში ვითარდება - გამჭვირვალობა, მთავრობის როლი არსებულ ეკონომიკურ განვითარებაში, ასევე, ბიზნესის თავისუფლება და რა თქმა უნდა, სავაჭრო ბრუნვების გაზრდა. ორგანიზაციები, რომლებიც ყოველდღიურად ფლობენ სტატისტიკას, ერთხმად აღნიშნავენ საქართველოს როლს არსებულ სიტუაციაში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილის თქმითვე, მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, საქართველო ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა.
„ხელოვნური ინტელექტის როლზე მრავალი კვლევა ჩატარდა - სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, რა როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს. არ მინდა, დავძაბო საზოგადოება, გამოითქვა საშიშროებაც – თუ არ იქნება ასეთი ინტენსიური შეხვედრები, მთავრობების ჩართულობა, ხელოვნური ინტელექტის კონტროლი, მისი თავისუფლების შემთხვევაში, შეიძლება დამაზიანებელი იყოს როგორც კონკრეტული ადამიანებისთვის, ისე სახელმწიფოებისთვის. ამიტომ პირიქით უნდა მოხდეს - მივესალმები მსგავს ფორუმებს. ეს შეხვედრები გვაძლევს საშუალებას, რომ თავად ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა და როლი პოზიტიურად იყოს წარმოდგენილი ყველა სფეროში. ის ძალიან სწრაფად ვითარდება და გვინდა, საქართველოში იყოს მხოლოდ დადებითი ტენდენციების მანიშნებელი. ხელოვნური ინტელექტის ჩართულობა სხვადასხვა სფეროში მოგვცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, სწრაფად განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.
რა თქმა უნდა, ყველაფერი ადამიანის დონემდე დადის. ადამიანს სჭირდება განვითარება, თვითრეალიზაცია, ხელოვნური ინტელექტი უნდა ემსახურებოდეს ამას და არა მის დაზიანებას. ამიტომაც აუცილებელია ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, ადამიანის უფლებების და მოქალაქეების დაცულობა.
ჩვენ მზად ვართ პროგრესისთვის, დღეს არსებული რეალობაა, რომ უდიდესი როლი აქვს ხელოვნურ ინტელექტს. ამიტომ გვინდა, სრულყოფილად ვფლობდეთ ინფორმაციას მისი განვითარების შესახებ და ჩართულიც ვიყოთ. ინიციატივაც გამოვიჩინეთ, რომ სამხრეთ კავკასიაში, საქართველოშიც ჩატარდეს ანალოგიური ფორუმები. მზად ვართ, მივიღოთ მონაწილეობა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორები დადებითად არიან განწყობილი საქართველოს მიმართ, ფლობენ სიტუაციას. მინდა, ჩვენს საზოგადოებას გავუგზავნო დადებითი მუხტი, რომ კარგად ვვითარდებით.
რა თქმა უნდა, ყველგან არსებობს გამოწვევები, მაგრამ ამ ეტაპისთვის საქართველო ნამდვილად სამაგალითო ქვეყანაა. ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ, უნდა ვიყოთ მოტივირებული პროგრესისკენ, ნებისმიერი სიახლისკენ. ამავე დროს დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები. ბოლო ოთხი წელი იყო საუკეთესო მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს დამოუკიდებელი, სრულყოფილი, საკუთარ, ეროვნულ ინტერესზე მოტივირებული ქვეყანა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.