ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც მოუწოდებს ხელისუფლებას, „გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები და გააუქმოს ფუნდამენტური თავისუფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა“. საქართველოს დელეგაციამ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარული სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რომ დეკლარაციის შესწორებული ვერსიის ცალკეული ნაწილები განზრახ ამახინჯებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეალობას და აყალბებს ფაქტებს. ნიკოლოზ სამხარაძის შენიშვნას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, პერე ჟოან პონი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პარლამენტში ადგილების ცარიელი დატოვება ყოველთვის ყველაზე ცუდი ვარიანტია, რადგან დემოკრატია, უპირველეს ყოვლისა, კონფლიქტის მოგვარების ერთობლივი მცდელობაა.