„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი თავმჯდომარისა და პოლიტსაბჭოს არჩევამდე პარტიის მომავალ პოლიტიკურ გეგმებზე მსჯელობა გრძელდება. პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ყრილობაზე თავმჯდომარის პოსტისთვის რამდენიმე კანდიდატმა იბრძოლოს. მათი განცხადებით, როგორც თავმჯდომარეს, ისე პოლიტსაბჭოს დემოკრატიული პროცედურების სრული დაცვით აირჩევენ. პარალელურად, პოლიტიკური შეფასებები კეთდება იმაზეც, შესაძლოა თუ არა პარტია ოპოზიციურ ალიანსს გამოეთიშოს. ალიანსში შემავალი სხვა ოპოზიციური ძალები აცხადებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე შიდა პროცესები ამ ეტაპზე მათთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის არ არის. მათი თქმით, მთავარი ამოცანა საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია და მოქალაქეებისთვის საკუთარი პოლიტიკური გზავნილების მიწოდება რჩება.