ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა - Palitra News

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

2026-07-06 18:30:23+04:00

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტის „საქართველოში არჩევნების მთლიანობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა“, მთავარი სპონსორი ამერიკელი კონგრესმენი, ჯო უილსონია.

რეზოლუციის პროექტის თანახმად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა:

„შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშებში ხაზგასმულია მნიშვნელოვანი დარღვევები;

შეშფოთებულია 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების დროს საარჩევნო უბნებზე გაყალბების ნიშნების, ხმებით მანიპულირების, ამომრჩეველთა მოსყიდვის, „კარუსელების“ და ოპოზიციონერი დამკვირვებლებისთვის საარჩევნო უბნებზე ხელის შეშლის შესახებ ცნობებით;

გმობს შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებას, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, რომლებიც მკვეთრად ზღუდავს გაერთიანების, მედიის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებს;

შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების სისტემატური გამოყენებისა და ინსტიტუციური ძალაუფლების კონსოლიდაციის გამო, რაც არათანაბარ გარემოს ქმნის, არყევს საზოგადოების ნდობას დემოკრატიული პროცესის მიმართ და ქმნის დე ფაქტო ერთპარტიულ მმართველობას;

გმობს პოლიტიკური ოპოზიციის წევრების, მედიის წარმომადგენლებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების თვითნებურ დაკავებებსა და შევიწროებას, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს მხარს უჭერენ;

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დემოკრატიული კონტროლისა და ბალანსის მექანიზმებისთვის ძირის გამოთხრა და ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებებიდან გადახვევა საქართველოს გზას ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ პირდაპირ საფრთხეს უქმნის;

ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საარჩევნო შედეგის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების დაცვაზე“.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:

„გაათავისუფლოს ყველა ქართველი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც იდენტიფიცირებულია ეროვნული და საერთაშორისო უფლებადამცველთა ჯგუფების მიერ;

გააუქმოს ყველა ის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ საქართველოს ვალდებულებებს;

დაიწყოს ყოვლისმომცველი და გამჭვირვალე გამოძიება 2024 და 2025 წლების არჩევნების დროს ყველა საარჩევნო დარღვევის ცნობების შესახებ და პასუხისმგებელ პირებს პასუხისმგებლობა დააკისროს;

დაიწყოს ნამდვილი რეფორმების პროცესი სასამართლო სისტემისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობის აღსადგენად, ვენეციის კომისიასთან და ეუთო/ოდირთან კონსულტაციებით;

უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიისთვის, რათა მათ ანგარიშსწორების შიშის გარეშე იმუშაონ“;

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა თავის წევრებსა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდებს:

„გააგრძელოს საქართველოს ხელისუფლებასთან ადვოკატირება დემოკრატიული ნორმების დაუყოვნებლივ აღდგენისა და სამომავლო საარჩევნო პროცესების ორგანიზების მიზნით, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებთან.

უარი თქვას საქართველოში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების შედეგის აღიარებაზე, რომლებიც სანდო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არ არის აღიარებული, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული;

საქართველოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული ვითარების ყურადღებით დაკვირვება და დემოკრატიული ღირებულებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა გააგრძელოს“.