ნიკოლოზ სამხარაძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა - ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას - Palitra News

ნიკოლოზ სამხარაძე - „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა - ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას

2026-07-05 15:18:50+04:00

„მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებასა და მის დასკვნებს ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების მთავარი კომიტეტის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ასევე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ანგარიშის კიდევ ერთ საკითხს, რომელიც „მოსკოვის მექანიზმს“ ეხება. მსურს კომიტეტს ვაცნობო, რომ „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებას და მის დასკვნებს მხარი არ დაუჭირა ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ დავასახელებ, მაგრამ 34-მა წევრმა სახელმწიფომ არ დაუჭირა მხარი და არ დაამტკიცა ეს დასკვნა. ასე რომ, ეს მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რომელიც უნდა აღინიშნოს“, - აღნიშნა სამხარაძემ.

მისი თქმით, ანგარიში ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას შეიცავს.

„გარდა ამისა, ანგარიში, რომელიც ერთმა ექსპერტმა 72 საათში მოამზადა, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად. ამიტომ, როდესაც ანგარიში ეუთოს მუდმივ საბჭოში განიხილეს, საქართველოს მთავრობამაც წარმოადგინა თავისი პოზიცია ანგარიშის მიმართ. ამიტომ, ანგარიშს საბოლოო ჭეშმარიტებად ვერ მივიჩნევთ, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმა აღიარა, რომ მან ვერ შეძლო ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება. რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ჩვენ ვეთანხმებით და ამ რეკომენდაციებიდან ზოგიერთი უკვე განხორციელებულია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივი სიზუსტის თვალსაზრისით“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.