„გირჩი - მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ALDE-ს კონგრესის ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
„ჩვენ მილიარდერის მიერ მიტაცებული სახელმწიფო გვაქვს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, სამოქალაქო საზოგადოებაზე მუდმივ თავდასხმას ვხედავთ. შემოგვრჩა რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც ჯერ კიდევ ნაწილობრივ ფუნქციონირებს. არ გვყავს სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელიც სრულად ფუნქციონირებს და ეს ხდება რესურსების ნაკლებობის გამო. მათ რეჟიმის მიერ მიღებული კანონების გამო, ქვეყნის ფარგლებს გარედან დაფინანსების მიღება არ შეუძლიათ. ერთ-ერთი ე.წ. რუსული კანონია, რომელიც პირდაპირ რუსული კანონის ასლია. მეორე კანონი გრანტების შესახებ არის, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის გარედან გრანტს ვერ მიიღებ, თუ მთავრობისგან ნებართვას არ აიღებ. ასევე, ისინი თავს ესხმიან დამოუკიდებელ კრიტიკულ მედიას. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა ახალ ამბებს კვლავ სატელევიზიო არხებიდან იღებს. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი ტელეარხები. ახლა ორია დარჩენილი, მაგრამ ორივე კრიზისშია, ფინანსური რესურსების ნაკლებობის გამო“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისი თქმით, დემონსტრანტებზე მუდმივი თავდასხმები ხორციელდება.
„ჩვენ რამდენიმე ქალაქში ყოველდღიური საპროტესტო აქციები გვაქვს, მათ შორის დედაქალაქ თბილისში. დემონსტრანტების წინააღმდე უამრავი კანონი მიიღეს. შეიძლება დაგაჯარიმონ მხოლოდ ქუჩაში დგომისთვის, ან შეიძლება ტროტუარზე დგომისთვის დაგაპატიმრონ. ეს ახლა სისხლის სამართლის დანაშაულია, შეიძლება 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგისაჯონ ტროტუარზე დგომისთვის. მუდმივი თავდასხმებია ოპოზიციურ პარტიებზე. ფაქტობრივად, ცდილობენ ყველა პოლიტიკური ჯგუფი აკრძალონ, რომლებმაც 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღეს. პოლიტიკურ ლიდერებს აკავებენ. ჩვენ ციხეში ვიყავით. ელენე ხოშტარია კვლავ ციხეშია. ვინც, ციხის გარეთ ვართ, ახალი ბრალდებები გვაქვს წაყენებული. ეს არის რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.