გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმა - რას ამბობს დაცვის მხარე - Palitra News

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმა - რას ამბობს დაცვის მხარე

2026-07-03 20:40:19+04:00

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ეპიზოდზე პროკურატურამ გიორგი მალანიას ბრალდება დაუმძიმა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებას ედავება. უწყების ვერსიით, ბრალდებულმა თავდამსხმელებს ავალიანის საცხოვრებელი და სამუშაო მისამართები, გადაადგილების მარშრუტი და სამუშაო გრაფიკი მიაწოდა, რის შემდეგაც მათ თავდასხმა დაგეგმეს. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე, ბრალის გადაკვალიფიცირებას მიესალმება და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მიიღეს.

ბრალდებულის ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე კი ბრალდებას არ ეთანხმება. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, გიორგი მალანია თავდასხმაში მონაწილე პირებს არ იცნობდა და გამოძიების ვერსია მხოლოდ ვარაუდებს ეფუძნება.

გიორგი მალანიას მამა, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, მერაბ მალანია კი ამ საქმეს უსამართლოდ მიიჩნევს. მისივე განცხადებით, შვილი დანაშაულში არ მონაწილეობდა და ოჯახი სამართლებრივ ბრძოლას როგორც საქართველოში, ისე საჭიროების შემთხვევაში მის ფარგლებს გარეთაც გააგრძელებს.