საქართველოსა და უზბეკეთს შორის ურთიერთობა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა. შესაბამის დეკლარაციას თბილისში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და უზბეკეთის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა მოაწერეს ხელი.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებების შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით არაერთი მემორანდუმიც გაფორმდა. დოკუმენტები ეკონომიკის, ჯანდაცვის, გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობის, ფინანსების, საბაჟო სისტემის, განათლების, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კულტურის სფეროებს მოიცავს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ შავკატ მირზიოევმა საქართველო სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა. მისივე შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკური პროგრესი ხელისუფლების თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია, ხოლო საქართველო უზბეკეთისთვის სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი პარტნიორი და საიმედო მოკავშირეა.