საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა იურმალას მოსამზადებელი ეტაპი დაასრულა და უკრაინასთან ოფიციალური მატჩის მოლოდინში, 29 ივნისს, დედაქალაქ რიგაში გადაინაცვლა.
სამწვრთნელო შტაბის ხელმძღვანელობით ჩატარებული ვარჯიში მთლიანად 2 ივლისს გასამართი, უმნიშვნელოვანესი მატჩის ტაქტიკურ მომზადებას დაეთმო. კალათბურთელებმა მოედანზე კონკრეტული კომბინაციები გაათამაშეს და აქცენტი სრულად უკრაინის ნაკრების სათამაშო სტილის ნეიტრალიზებაზე გააკეთეს. გუნდში მაქსიმალური მობილიზება და საბრძოლო განწყობა იგრძნობა.
ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი სიახლეა გუნდის კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მწყობრში ყოფნა. თოკომ საკლუბო დონეზე გრძელი, მძიმე და მომქანცველი სეზონი სულ რაღაც 5 დღის წინ დაასრულა. მიუხედავად მინიმალური დასვენებისა, ის ნაკრებს იურმალის შეკრებაზე, 27 ივნისს შეუერთდა, და უკვე სრული დატვირთვით ივარჯიშა.
საქართველოს ნაკრებს უკრაინასთან და ესპანეთთან მატჩებში ვერ დაეხმარება სანდრო მამუკელაშვილი. კალათბურთელი რამდენიმე დღის წინ თავისუფალი აგენტი გახდა და, NBA-ს რამდენიმე კლუბის მხრიდან ინტერესის მიუხედავად, ამ ეტაპზე უგუნდოდაა. აქედან გამომდინარე, მოქმედი საკლუბო კონტრაქტის არქონის გამო მისი დაზღვევა იურიდიულად შეუძლებელია.
შეკრებაზე 15 კალათბურთელი რჩება, საიდანაც მთავარი მწვრთნელი, ალეკსანდარ ჯიკიჩი იმ 12-ს შეარჩვს, რომლებიც 2 ივლისს, რიგაში უკრაინას დაუპირისპირდებიან.