ვიკა ფილფანი პრემიერს - რომელ ღირსებაზე ლაპარაკობთ, აუზზე ირუჯებოდით, როცა სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა - კარგად იცით, რომ გავრილოვის მასპინძელიც თქვენ ხართ და ვერ გიშველათ ბაქოში გაქცევამ, გისურვებთ, მოიშოროთ გახარიას კომპლექსი - Palitra News

ვიკა ფილფანი პრემიერს - რომელ ღირსებაზე ლაპარაკობთ, აუზზე ირუჯებოდით, როცა სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა - კარგად იცით, რომ გავრილოვის მასპინძელიც თქვენ ხართ და ვერ გიშველათ ბაქოში გაქცევამ, გისურვებთ, მოიშოროთ გახარიას კომპლექსი

2026-06-26 17:55:36+04:00

არ ვიცი რომელ ღირსებაზე ლაპარაკობთ საერთოდ - აუზზე ირუჯებოდით, როდესაც სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა თავისუფლების მოედანზე, - ასე მიმართა ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ვიკა ფილფანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე წლიური ანგარიში წარადგინა.

ამასთან, მან მოუწოდა პრემიერს, 20 ივნისის საქმის ხსენებამდე მადლობა გადაიხადონ, რადგან ფილფანის შეფასებით, რომ არა გიორგი გახარიას ფაქტორი, დღეს პარლამენტში მსხდომთა უმეტესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატით იქნებოდა.

„ბატონო ირაკლი, თქვენ ყველაზე კარგად იცით, რომ გავრილოვის მასპინძელიც თქვენ ხართ და ვერ გიშველათ, სამწუხაროდ, შემდეგ ბაქოში გაქცევამ. პასუხისმგებლობა, იცით, რომ თქვენზეა, ეს ყველამ იცის და თქვენ ამიტომ ხართ ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი შეშინებული. გიორგი გახარიას კომპლექსი, გისურვებთ, რომ თქვენც მოიშოროთ და ამ დარბაზში სხვა ადამიანებმაც, მაგრამ როდესაც 20 ივნისთან დაკავშირებით რამეს იტყვით, დაიწყეთ ხოლმე მადლობით- რომ არა გიორგი გახარია, ამ დარბაზში მყოფი უმეტესობა „ნაცების“ მანდატით იჯდებოდა. არ ვიცი, რომელ ღირსებაზე ლაპარაკობთ საერთოდ - აუზზე ირუჯებოდით, როდესაც სამხედრო აღლუმი მიმდინარეობდა თავისუფლების მოედანზე. ბოდიშს უხდით ოკუპანტებს, ჩორჩანას საგუშაგოს გადაცემაზე ჩუმად უთანხმდებოდით და რომელ მშვიდობაზე ლაპარაკობთ საერთოდ? ბიძინამ სახლში კი არ გაუშვა „ნაცები“, აქ დაგისვათ ნახევარი და კიდევ მინისტრებად გყავთ”,- განაცხადა ფილფანმა.