ტატა ხვედელიანი პრემიერს - ახლა თქვენ გიცავენ: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი სოსიაშვილი, სანამ ის წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე სააკაშვილთან ფოტოებში პოზირებდა - ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე - Palitra News

ტატა ხვედელიანი პრემიერს - ახლა თქვენ გიცავენ: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი სოსიაშვილი, სანამ ის წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე სააკაშვილთან ფოტოებში პოზირებდა - ესაა „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე

2026-06-26 17:51:28+04:00

ახლა თქვენ გიცავენ ადამიანები: მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი გიორგი სოსიაშვილი, სანამ ეს უკანასკნელი წიგნებს წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე პოზირებდა სააკაშვილთან ფოტოებში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე, - ასე მიმართა „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში წლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც ხვედელიანი აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ჩინური ვერსიაა მას შემდეგ, რაც „პარტიას გიორგი გახარია აღარ იცავს“.

„ბატონო ირაკლი, მეგონა, რომ მხოლოდ კვერცხის ფასთან იყავით დამარცხებული, თუმცა, განათლების ექსპერტადაც ვერ წარმოგვიდგინეთ თავი. პირველ შეკითხვას, ზუსტად რა პროპორციით ზრდით განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებას, თქვენ ვერ უპასუხეთ. მეორე შეკითხვას - მეცნიერებას, საერთოდ არ შეეხეთ. ასევე, ხარისხობრივ კომპონენტზე საერთოდ ვერ გვესაუბრეთ კვოტირების ნაწილში. ის კვლევა, რომელიც თქვენ წარადგინეთ, გასაჯაროებულიც არ გაქვთ, მხოლოდ პრეზენტაციაა. მინდოდა მეთქვა, ბატონო ირაკლი, თქვენი დაცვა მიქანაძეს რომ დაეწყო აქ, ამ დარბაზში, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, რადგან გახარიამ გააგდო პოლიციის აკადემიიდან მიქანაძე თქვენს გამო, ვინაიდან მაშინაც პრიორიტეტი თქვენ მოგანიჭათ, ვიდრე რიგით პოლიციელებს. ახლა თქვენ გიცავენ ადამიანები, მასონების მკვლევარი მარიამ ლაშხი, სააკაშვილზე წიგნების მწერალი გიორგი სოსიაშვილი, სანამ ეს უკანასკნელი წიგნებს წერდა, გიორგი ჩაკვეტაძე პოზირებდა სააკაშვილთან ფოტოებში. ეს არის „ქართული ოცნების“ ჩინური ვერსიის სახე, დღესდღეობით, რასაც თქვენ აკეთებთ და როგორც თქვენ დაასვით ჩვენს მოქალაქეებს თავზე ეს „ქართული ოცნება“ - ჩინური ვერსია, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარია აღარ იცავს ამ პარტიას“, - განაცხადა ხვედელიანმა.

მას მცირე რეპლიკით უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

„ანუ ჩინურს, ეთნიკურ ეპითეტს იყენებთ დამაკნინებელი მნიშვნელობით? ეს არის თქვენი დამოკიდებულება? ყოჩაღ, ყოჩაღ! და თქვენ გინდათ ასე ხელისუფლებაში მოსვლა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.