საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში იანვრის თვეში ვადა უსრულდება, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი და სრული სიჩუმეა, ივლისის თვეში კი პარიზში, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ სრული სიჩუმეა, არ ვიცით ვინ შეიტანა განაცხადი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა კანდიდატურების დაბლოკვაც მიდის, რომ საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდეს , - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა "რეზიუმე“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, რომელსაც დაგეგმილი აქვს მიიღოს რეზოლუცია სათაურით „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“, საქართველოსთვის მძიმეა, რომელიც ქვეყანას იმიჯს დაუზიანებს.
„ამ რეზოლუციაში ყველაზე მძიმე არის მოსკოვის პროტოკოლის საკითხი. რეზოლუცია ქვეყნებს მოუწოდებს, რომ სასამართლოში დაიწყოს საკითხებთან დაკავშირებით დავა, ეს კი ნიშნავს, რომ 3-მა სახელმწიფომ რომ მიმართოს ევროპულ სასამართლოს, საქმის განხილვა დაუყოვნებლივად დაიწყება.
ამ პროცედურების დაწყება ნიშნავს იმას, რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამაზე წავლენ, დარწმუნებულები არიან იმ ქმედებებში, რაზეც საუბარია დასკვნაში. აქედან კი ვისმენთ, რომ ეს „დასკვნა ფარატინა ქაღალდია“ და რომ ჩალის ფასი აქვს. სალაპარაკო რომ არ აქვთ, ტემპერატურის დაწევას ცდილობენ. ქვეყნის იმიჯი დაზიანდება და ამ იმიჯის აღდგენა რთული იქნება.
საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში იანვრის თვეში ვადა უსრულდება, იუსტიციის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი და სრული სიჩუმეა, ივლისის თვეში კი პარიზში, კომიტეტის სხდომაზე უნდა მოხდეს კანდიდატების წარდგენა. მაგრამ სრული სიჩუმეა, არ ვიცით ვინ შეიტანა განაცხადი, ვფიქრობ, რომ შესაძლოა კანდიდატურების დაბლოკვაც მიდის, რომ საქართველოს წარმომადგენელი არ ჰყავდეს. მაშინ გამოდის, სასამართლო ვალდებულებებს ვერ შევასრულებთ, სად არის ხელისუფლების ქმედებების ლოგიკა?“- განაცხადა პაატა დავითაიამ.
რაც შეეხება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას, პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ალან გაგლოევის გადადგომით, ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთთან მიერთების საკითხი დაჩქარდება.
„მძიმე სურათია, დიდი ხანია სამართლებრივი ბაზა მზადდება. პუტინმა შეამზადა ყველაფერი, რეფერენდუმები ჩაატარა და ა.შ. მაგრამ საფრთხე 9 მაისს გამოჩნდა, როდესაც გაგლოევმა და პუტინმა სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს, რომელშიც წერია, რომ რუსეთის თვითმმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებები მოქმედებს ცხინვალის რეგიონში, ეს მარაზმია და სრული ინტეგრაციის მანიშნებელია. გაგლოევმა თქვა, რომ ის პუტინის მრჩეველი იქნება სამხრეთ და ჩრდილოეთ ოსეთი გაერთიანებასთან დაკავშირებით. უკრაინის ომის ფონზე, მას სჭირდება, რომ მოსახლეობას დაანახოს, რომ ტერიტორიებს იერთებს, რადგან რუსეთში მის მიმართ უკმაყოფილება იზრდება, უკრაინელებმა ყირიმის ნახევარკუნძული კუნძულად აქციეს. მეორეა ის, რომ ეს საქართველოს წინააღმდეგ იქნება მომართული.
მესამე საკითხია ის, რომ ამ ნაბიჯით ანაკლიის და ფოთის პორტი მოკვდება და რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ უდიდესი ბერკეტები გაუჩნდება. ან ამ შემთხვევაში საზღვრის დემარკაცია როგორ იქნება? შემდეგ ის იქნება, რომ მათ „ქართული ოცნება“ არ დასჭირდებათ, დასჭირდებათ მხოლოდ კომენდანტი.
დღეს, ევროსაბჭოს რეზოლუცია უნდა ყოფილიყო იმაზე, რომ ანექსია მზადდება. ჩვენ პარტნიორები არ გვყავს. რაიმე, რომ მოხდეს, მარტო ვართ. ჩინეთი ჩვენს გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს.
წითელი ხაზები უნდა არსებობდეს, სადაც ყველა ერთად დავდგებით - თქვენ [ქართული ოცნება], მე „ნაციონალური მოძრაობა“.
ასე თუ არ იქნება, მარტო რუსეთი კი არა, სხვა მეზობლებიც ჩვენს ტერიტორიებზე იფიქრებენ. 2000 ქართველი მებრძოლია უკრაინაში და მათ უნდა ვეხვეწოთ, რომ ჩამოვიდნენ და ტრენინგები ჩაგვიტარონ.
ამ ნაბიჯით დიდი ზეწოლის ბერკეტები ამუშავდება. ეკონომიკის ჩამოშლა შეუძლიათ 5 წუთში. ტანკი რომ გამოიყვანონ და თქვან ბუფერულ ზონას ვქმნითო, ყველაფერი მოკვდება. გვაიძულებენ, რომ სოხუმში რკინიგზა გავხსნათ, ისინი ბეჭედს დაარტყამენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და შემდეგ ქართველები ამ ბეჭედს მიიღებენ“,- განაცხადა პაატა დავითაიამ.