საქართველოში სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაწესებული ადმინისტრაციული სანქციები იცვლება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია და „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტის მიხედვით, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15-დან 30 კმ/სთ-მდე გადაჭარბება 50-ლარიანი ჯარიმით დაისჯება. თუ მძღოლი სიჩქარეს 30-დან 50 კმ/სთ-მდე გადააჭარბებს, ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი გადაჭარბების შემთხვევაში სანქცია 300 ლარამდე გაიზრდება.
ცვლილებები შეეხება მართვის მოწმობაზე მინიჭებულ ქულათა სისტემასაც. პროექტისთანახმად, 15-30 კმ/სთ-ისა და 30-50 კმ/სთ-ის ფარგლებში სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლს 10 ქულა დააკლდება. 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით მოძრაობისას კი მართვის მოწმობის ქულათა რაოდენობა 20 ქულით შემცირდება.
კანონპროექტის ავტორების განმარტებით, ცვლილებების მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და მოძრაობის წესების დარღვევის პრევენციაა.