თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე გამოტანილ განაჩენს დღეს საპროტესტო აქციით ეხმაურებიან. რუსთაველის გამზირზე გიორგი ჩახუნაშვილის შვილები და მისი მხარდამჭერები შეიკრიბებიან. აქციის ორგანიზატორები სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებენ და სოლიდარობას უცხადებენ ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო და სხდომის დასრულების შემდეგ დარბაზშივე დააკავა. ჩახუნაშვილი დღემდე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებოდა. ამავე საქმეზე ბრალდებულ სხვა პირებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ - მათ დანაშაული აღიარეს და საქმეში არსებული მტკიცებულებები უდავოდ ცნეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.