ევროპის საბჭოს წამების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო - Palitra News

ევროპის საბჭოს წამების კომიტეტის დელეგაცია საქართველოში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო

2026-06-19 20:20:02+04:00

ევროპის საბჭოს დელეგაცია საქართველოში სასჯელაღსრულებისა და დროებითი მოთავსების დაწესებულებების მუშაობას ადგილზე გაეცნო, ამავდროულად კი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ადამიანის უფლებებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციის საკითხები განიხილა.

ევროპის საბჭოს წამების პრევენციის კომიტეტის პრეზიდენტმა, ალან მიჩელმა, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დროებითი მოთავსების იზოლატორები და უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრი მოინახულა. მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა თადუმაძე შეხვდა და მხარეებმა ბოლო პერიოდში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. ვიზიტის დროს დელეგაციის წევრებმა რამდენიმე პატიმარიც მოინახულეს.

ევროპის საბჭოს დელეგაცია გენერალურ პროკურატურაშიც იმყოფებოდა, სადაც გენერალური პროკურორის მოადგილე ამირან გულუაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე შენგელია და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიქავა შეხვდნენ.