„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი და პარტია „დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია საპატიმროდან საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და აცხადებს, რომ „რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან“ რაიმე სახის დისკუსიაში შესვლას, მათთვის რაიმეს მტკიცებას, ან თხოვნას არ აპირებს.
პოლიტიკოსი ხაზს უსვამს, რომ ტკივილი ასატანია, მაგრამ ბოროტება - აუტანელი და პირობას დებს, რომ არცერთ უკანონობას „არ გაატარებს“.
„მეგობრებო, პირველ რიგში, დიდი მადლობა თანადგომისთვის, მაგრამ ჩემზე არ ინერვიულოთ. რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად. ცხადია, არც ერთი წამი არ ვაპირებ, რუსების არალეგიტიმურ ინსტიტუტებთან რაიმე დისკუსიაში შესვლას, ან მათთვის რაიმეს მტკიცებას და მითუმეტეს, რაიმეს თხოვნას, რაც უნდათ ის ქნან.
ტკივილი ასატანია, ბოროტება - აუტანელი. არც პირველი ვარ და არც უკანასკნელი, მაგრამ ერთადერთს ვპირდები მათ - არცერთ უკანონობას არ გავუტარებ და ფასიც დაუჯდებათ!
სირბილი არ შემიძლია, ბრძოლა შემიძლია“, - წერს ხოშტარია.
პარტია "დროას" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად უარესდება. პატიმრობაში მისი მკურნალობა ხორციელდება ეპიზოდურად, მოვალეობის მოხდის" მიზნით, ცალკეული სიმპტომების ჩასახშობად ამიტომ ასეთი მკურნალობა არაეფექტიანია". სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი აცხადებენ, რომ ხოშტარიას 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები, მას უკვე გაწეული აქვს შესაბამისი კვლევის შემდგომი კონსულტაცია და დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა.