უკვე მე-5 წელია, რაც საქართველოს რკინიგზაში კორუფციულ სქემებზე გამოძიება გრძელდება და აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე პირი პასუხისგებაში მიეცა - დაკავებულთა ადვოკატების ინფორმაციით, მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ჯერ კიდევ 2021 წლიდან კითხავდნენ და საგამოძიებო პროცესში მონაწილეობისას გაუთქმელობაზე ხელმოწერაც დაადებინეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა 8 პირის მიმართ დაიწყო, მათგან 6 დაკავებულია, 2-ზე კი ძებნა გამოცხადდა. ძებნილთა შორისაა „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე. გამოძიების ვერსიით, 2019 წელს ორგანიზებულმა ჯგუფმა კომპანიის კუთვნილი ქონების თაღლითურად დაუფლების სქემა ჩამოაყალიბა.