„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ 10 წლის გოგონასთან დაკავშირებული ინციდენტის გამო ბოდიშს იხდის. ბავშვს, მის ოჯახსა და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს ტელეარხის წამყვანმა ლიზა ბაგრატიონმა, მედიის ბლოკის ხელმძღვანელმა რუსუდან მანჯგალაძემ და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ბოდიში მოუხადეს. საქმე ეხება 9 ივნისს პირდაპირ ეთერში მომხდარ შემთხვევას, როდესაც საკონცერტო ნომრის შესრულებისას არასრულწლოვანი შეუძლოდ გახდა და სცენაზე დაეცა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარი ფაქტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის სხდომაზე უკვე განიხილეს. როგორც არხის წარმომადგენლები განმარტავენ, ეთერისა და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ პავილიონში მყოფ თანამშრომლებს ინციდენტი არ შეუმჩნევიათ. გოგონას დედის ინფორმაციით, ბავშვს ხელის თითები დაუზიანდა და ამჟამად ფიქსატორს ატარებს. აღსანიშნავია, რომ ოჯახი სამართლებრივი დავის დაწყების შესაძლებლობასაც განიხილავს.