13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა - Palitra News

13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა

2026-06-13 19:43:54+04:00

13 ივნისის მემორიალთან სტიქიის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძესთან ერთად დაესწრო. თბილისის მერმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. თბილისში, 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიიდან 11 წელი გავიდა. მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 22 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დაკარგულია. სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო - მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, ნახევრად დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და „მზიურის“ პარკი. წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. უსახლკაროდ რამდენიმე ათეული ოჯახი დარჩა. მდინარე ვერეს ადიდება ბეთანიის გზაზე წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა გამოიწვია.