„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებულ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება - ყველას მოგიწოდებთ, 20 ივნისს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და ამ საპროტესტო მარშს შევუერთდეთ , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ დაანონსებულ აქციაში ჩართოს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო ჯგუფების მიერ დაანონსებულ 20 ივნისის საპროტესტო აქციას უერთდება. მიგვაჩნია, რომ 20 ივნისი საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თარიღია, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ პირველად გაბედა კრემლის საამებლად ანტისაოკუპაციო აქციის ბრუტალური და სისხლიანი დარბევა. მაშინ ათეულობით ახალგაზრდამ ისეთი მძიმე დაზიანება მიიღო, რომელიც მათ ცხოვრებაზე აისახა, თუმცა ქართველ ხალხს და ახალგაზრდობას თავისუფლებისთვის ბრძოლა არ შეუჩერებია. 20 ივნისი მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ივანიშვილმა ძალაუფლების კონცენტრაციის და დიქტატურის ჩაბეტონების ახალი ეტაპი დაიწყო. რუსიფიკაციის პოლიტიკა დაჩქარდა და დღეს კარგად ვხედავთ, რომ რუსული გავლენა ბოლომდე შეღწეულია არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუტები, არამედ რუსიფიკაცია მოედო საქართველოს ქალაქებსაც. მაგალითად, თბილისში და ბათუმში უფრო ხშირად მოისმენ რუსულ ენას ვიდრე ქართულს; უძრავი ქონება უფრო მეტად ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების ხელშია მაგალითად ბათუმში. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ საფრთხედ ემუქრება. ამიტომ 20 ივნისს ანტისაოკუპაციო აქცია ისეთი მნიშვნელოვანია როგორც არასდროს და ბრძოლის ის ახალი ფაზა, რომელიც 20 ივნისს დაიწყო, გადამწყვეტ, ფინალურ ფაზაშია რუსული გავლენის წინააღმდეგ. ყველას მოგიწოდებთ, 20 ივნისს, 19:00 საათზე შევიკრიბოთ ფილარმონიასთან და ამ საპროტესტო მარშს შევუერთდეთ. „ნაციონალური მოძრაობა“ 20 ივნისამდე სხვადასხვა კამპანიური ხასიათის ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას და უფრო მეტ ადამიანს მოუწოდებს, რომ ამ მნიშვნელოვან ანტისაოკუპაციო აქციაში ჩართოს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ სამოქალაქო კამპანია „ერთი ხალხი, ერთი საქართველომ" 20 ივნისს, აქცია დააანონსა. აქცია ე.წ გავრილოვის ღამის გახსენებას მიეძღვნება, რომლიდანაც 7 წელი გავიდა.
როგორც ორგანიზატორებმა განაცხადეს, ისინი 20 ივნისს, საღამოს 19:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლებენ.