„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე აცხადებს, რომ მაუწყებლის მიმართ სანქციების შესახებ საჯარო განცხადებები მედიის საქმიანობაზე გავლენის მოხდენის მცდელობას ჰგავს და თანამშრომლებში შინაგანი ცენზურის რისკს აჩენს.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე წლიური ანგარიშის წარდგენისას მან აღნიშნა, რომ მსგავსი გზავნილები არა მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე, არამედ მთლიანად თანამშრომლებზეც მოქმედებს. მისი შეფასებით, პოლიტიკური ფონის გამო საზოგადოებრივი მაუწყებლის თითქმის ყველა გადაწყვეტილება პოლიტიკურ ჭრილში განიხილება.
მაღლაფერიძემ აჭარის ტელევიზიაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საკადრო გადაწყვეტილებები კანონისა და დადგენილი პროცედურების ფარგლებში მიიღება. მისი თქმით, გათავისუფლებების პოლიტიკურ მოტივებზე საუბარი საფუძველს მოკლებულია და მსგავსი შემთხვევები ბევრ ორგანიზაციაში ხდება.
სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, ჟურნალისტურ საქმიანობასა და პირადი პოლიტიკური პოზიციის გამოხატვას შორის ზღვარი მკაფიოდ უნდა იყოს დაცული. მაღლაფერიძის დღევანდელ განცხადებებს უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.