4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ კიდევ რვა პირს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.
საქმე ერთ-ერთ დამატებით ეპიზოდს ეხება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე რვავე ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები უდავოდ ცნო. შესაბამისად, მათთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების პროცესი დაიწყება.
სასამართლო სხდომაზე დანარჩენმა ბრალდებულებმა განსხვავებული პოზიცია დააფიქსირეს. მათი განცხადებით, ბრალს არ აღიარებენ და მიაჩნიათ, რომ 4 ოქტომბრის მოვლენების დროს ქვეყნის ინტერესებს იცავდნენ. ისინი სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.
პროკურატურის განმარტებით, ბრალდების მხარე მზად არის საპროცესო შეთანხმება გააფორმოს ნებისმიერ პირთან, რომელიც დანაშაულს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს.