11 ივნისს, ევროკავშირი უვიზო რეჟიმის საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის ჩატარებას გეგმავს. „რადიო თავისუფლების“ ევროპის საკითხების რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შესაძლოა 2027 წლის იანვარში საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხს კენჭი უყარონ. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად 27-ვე ქვეყნის თანხმობა საჭირო არაა და მისი მიღება კვალიფიციური უმრავლესობითაც შესაძლებელია.
ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს უვიზო რეჟიმის შეჩერების სპეციალურ მექანიზმს, რომელიც შეიძლება ამოქმედდეს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა აღარ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელთა საფუძველზეც ვიზების ლიბერალიზაცია მიიღო. ევროკომისიის 2025 წლის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ საქართველომ ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში აღებული არაერთი ვალდებულება და რეკომენდაცია ვერ შეასრულა.
ამ პირობებში, 11 ივნისის დიალოგი ბრიუსელში საქართველოსთვის ერთ-ერთ გადამწყვეტ შეხვედრად განიხილება.