საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე მარკ ნორდბერგი მიიღო. შეხვედრის მთავარი თემა სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და ერთობლივი ოპერაციების შედეგები იყო.
ამერიკულმა მხარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პროკურატურას ეფექტიანი თანამშრომლობისთვის. აღინიშნა, რომ საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლინდა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ამერიკის შეერთებულ შტატებში უკანონოდ შეყვანასა და დოკუმენტების გაყალბებაში მონაწილეობდნენ. საქმეზე რამდენიმე პირი უკვე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაშია მიცემული.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ კოორდინირებული ღონისძიებებისა და სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებების შესახებაც იმსჯელეს.
გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ორივე მხარის სამართალდამცავი და დიპლომატიური უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის დასასრულს მხარეებმა პარტნიორობის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.