ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რაც ავტორიტარიზმს ახასიათებს - ასეთ სისტემაში არ გვაქვს უფლება, ვილაპარაკოთ კობახიძესავით, რომ „აშშ-ს თუ უნდა, დაგველაპარაკოს, თუ არა, ნუ მოვა - ასე არ იქნება!“ - Palitra News

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რაც ავტორიტარიზმს ახასიათებს - ასეთ სისტემაში არ გვაქვს უფლება, ვილაპარაკოთ კობახიძესავით, რომ „აშშ-ს თუ უნდა, დაგველაპარაკოს, თუ არა, ნუ მოვა - ასე არ იქნება!“

2026-06-02 20:16:47+04:00

გვეყოლება სამსახური, რომელიც ორმაგი სტანდარტით იმოქმედებს: თუ ხელისუფლებას შეაგინე, დაგიჭერს, ხოლო თუ ხელისუფლებამ შეგაგინა, მათ არანაირ პასუხს არ მოსთხოვს. ამ ტიპის აბსურდამდე მივდივართ , - ამის შესახებ „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ფუნქციონირების დაწყებას ეხმაურება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ აღნიშნული სამმართველოს შექმნით „ქართული ოცნება“ „აბსურდულობისა და შიზოფრენიის ეტაპზე“ გადავიდა.

„რას აკეთებს შიდა პოლიტიკაში „ქართული ოცნება“, როგორ პოლიტიკას ატარებს? ტრადიციულად, ყველა ავტორიტარიზმს ახასიათებს აბსურდულობა და შიზოფრენიის ეტაპზე გადასვლა. ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო ოფიციალურად ქმნის ინსტიტუტს, დაწესებულებსას, რომელმაც უნდა შეამოწმოს „ფეისბუქზე“ პოსტები. ზუსტად ვიცით, რომ ამ დაწესებულებას არ ექნება იმხელა რესურსი, რომ ერთიანი სტანდარტი დაიცვას ამ პოსტების შემოწმების დროს, შესაბამისად, გვეყოლება სამსახური, რომელიც ორმაგი სტანდარტით იმოქმედებს: თუ ხელისუფლებას შეაგინე, დაგიჭერს, ხოლო თუ ხელისუფლებამ შეგაგინა, მათ არანაირ პასუხს არ მოსთხოვს. ამ ტიპის აბსურდამდე მივდივართ. როდესაც ქვეყნის შიგნით ასეთ სისტემას აშენებ, ასეთ დამოკიდებულება გაქვს, არ გვაქვს უფლება, რომ ისე ილაპარაკო, როგორც ირაკლი კობახიძე ლაპარაკობს, რომ აშშ-ს თუ უნდა, მოვიდეს, დაგველაპარაკოს, თუ არ უნდა, ნუ მოვა. ასე არ იქნება“, - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

ინფორმაციისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა.

სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა იქნება, რომელიც შეიცავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს.

სამმართველო მოახდენს სავარაუდო სამართალდამრღვევი პირის გამოვლენას, ვინაობის დადგენას, ადმინისტრაციული წარმოების მასალების მომზადებას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და განსჯადობის წესების დაცვით, საერთო სასამართლოებში გადაგზავნას.