თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე - ეს სწორი მიმართულებაა - არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე - ეს სწორი მიმართულებაა - არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული

2026-06-02 16:45:49+04:00

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 7 პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ ინფორმაციას ეხმაურება. მისი თქმით, ეს სწორი მიმართულებაა.

„არაფერი საჩოთირო იმაში არ არის, რომ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე აღიარო დანაშაული. რომელიმე პარტიის წინაშე კი არა, როგორც უნდათ წარმოაჩინონ, საკუთარი სახელმწიფოს წინაშე“, - წერს შარმანაშვილი.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ერთ-ერთ ეპიზოდზე დაკავებულ 7 პირს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს.

როგორც საქმის პროკურორმა ლაშა ცქვიტარიამ ჟურნალისტებთან განმარტა, აღნიშნულმა პირებმა დანაშაული აღიარეს, მოინანიეს, რის გამოც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ.

მას შემდეგ, რაც რამდენიმე დღეში სასამართლო მხარეებს შორის მიღწეულ საპროცესო შეთანხმებას დაამტკიცებს, ბრალდებულები სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდებიან.

მათ პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 3 წლიანი პირობითი მსჯავრით უფორმებს.

აღნიშნულ ეპიზოდზე დაკავებული 12 პირიდან შემდეგი პირები გათავისუფლდებიან: ალექსანდრე ხაბეიშვილი; ბექა ქელეხსაშვილი; გიორგი მუმლაძე; მამუკა ლაბუჩიძე; გურიელ ქარდავა; ავთანდილ სურმანიძე; თემურ ქურციკიძე.