ორივე ბრალდებულის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით - ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები, ანუ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი, - ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულების ირაკლი ჩიხლაძისა და გულბაათ რცხილაძის საქმეების პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა, სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ბრალდებულები, საქართველოში უცხო ქვეყნის დაზვერვის დავალებების შესაბამისად აგროვებდნენ და საქართველოს ინტერესების საზიანოდ გადასცემდნენ მათ სხვადასხვა სახის ინფორმაციებს.
„დღევანდელ პროცესზე განხილულ იქნა აღკვეთის ღონისძიების საკითხი და ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. მტკიცებულებებს რაც შეეხება, საქმეში არის პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის წარმომადგენელთან, ასევე მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს. კონკრეტულად რა სახის ინფორმაცია იქნა მოპოვებული და რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შესაძლოა არა მარტო გამოძიების, ისე სახელმწიფოს ინტერესები დააზიანოს.
ორივე ბრალდებულის მიერ შეგროვებული ინფორმაცია სხვადასხვა სახის იყო, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების მუშაობის შესახებ, ასევე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ამ ეტაპზე, რადგან საქმეზე გამოძიება გრძელდება, სახელმწიფოების დასახელებისგან თავს შევიკავებ.
ორივე შემთხვევაში არსებობს, თანხის აღების ფაქტი, ანუ ორივე ბრალდებულის მხრიდან არსებობდა, მატერიალური სარგებლის მიღების ინტერესი. პირდაპირი და დამაჯერებელი მტკიცებულებები არსებობს, რომელიც ამ კავშირს ადასტურებს.
დასტურდება, როგორც თანხის აღების, ისე გადაცემის, შეგროვებისა და კავშირის ეპიზოდები, ორივეს შემთხვევაში“, - განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულებს - გულბაათ რცხილაძისა და ირაკლი ჩიხლაძის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულების პროცესი ცალ-ცალკე გაიმართა. ორივე სასამართლო პროცესი, ბრალდების მხარის შუამდგომლობით დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ "უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".
რაც შეეხება გულბაათ რცხილაძეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით, ასევე 30 მაისს დააკავა. მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.