გორში მომხდარ საქმეზე დაკავებულ ექვს პოლიციელს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
პროცესს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი უძღვებოდა, თუმცა სხდომას თავად ბრალდებული სამართალდამცავები არ დასწრებიან.
პროკურატურა აცხადებდა, რომ არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.
დაცვის მხარე ამ არგუმენტებს არ დაეთანხმა. ადვოკატების შეფასებით, ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, ბრალს აღიარებდნენ და დამატებითი რისკების საფუძველი არ არსებობდა.