სალომე ზურაბიშვილი შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე - რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია - Palitra News

სალომე ზურაბიშვილი შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე - რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია

2026-05-30 17:14:55+04:00

რუსეთი ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოდესაში, შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო უძლეველობის მითი დაიმსხვრა.

„მიუხედავად იმისა, რომ მითი დაიმსხვრა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი აქ გაჩერებას თანხმდება. ის ამავდროულად კიდევ ერთ ომს, ჰიბრიდულ ომს აწარმოებს, სადაც საქართველო საცდელი მოდელია. ის ომს არა მხოლოდ რაკეტებით, არამედ არჩევნების, პროპაგანდის, ინსტიტუციური მიტაცების, სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და საკუთარი საკანონმდებლო იძულების მექანიზმის ექსპორტის საშუალებით აწარმოებს. საქართველოში მიღებული ყველა კანონი ჰიბრიდული ჩარევის კამპანიის ნაწილია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორებას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, რუსეთი იმპერიალისტურ ძალად რჩება.

„ის, რაც უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას აერთიანებთ, ეხება იმას, აქვთ თუ არა რუსეთის მეზობელ ქვეყნებს საკუთარი მომავლის არჩევის სუვერენული უფლება და დაიცავს თუ არა საერთაშორისო საზოგადოება ამ უფლებას“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.