გრიგოლ გეგელია - მივესალმებით კაია კალასის წინადადებას - არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა იმ ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული - Palitra News

გრიგოლ გეგელია - მივესალმებით კაია კალასის წინადადებას - არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა იმ ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული

2026-05-29 18:55:48+04:00

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საგარეო მდივანი, გრიგოლ გეგელია აცხადებს, რომ პარტია მიესალმება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საქართველო-რუსეთის კონფლიქტისა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი ევროკავშირსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთ თემად შეიძლება იქცეს.

გეგელიას შეფასებით, ნებისმიერი პროდასავლური და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება მხარს დაუჭერდა მსგავს საერთაშორისო ინიციატივას და თავადაც აქტიურად იმუშავებდა საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის მიმართულებით.

„ქართული ოცნების“ რეჟიმმა მორიგ ჯერზე დაადასტურა, რომ მისთვის საქართველოს ნებისმიერი წარმატება მიუღებელია. დღეს სრულიად ევროპული კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ევროპა მზადაა საქართველოს ტერიტორიების მშვიდობიანი დეოკუპაციის საკითხი აქციოს მოლაპარაკების ერთ-ერთ საგნად ევროკავშირსა და რუსეთს შორის. ეს არის წინადადება, რომელსაც ორი ხელით მიესალმება ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის მოყვარული ხელისუფლება. მეტიც, ეს არის ის, რისთვისაც თვითონ უნდა იბრძოდეს, მუშაობდეს და იღლებოდეს ნებისმიერი ნორმალური ხელისუფლება.

მაგრამ, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის პრემიერმა პასუხად ევროპას მორიგ ჯერზე დაუწყო თითის ქნევა, რადგან ეს არის დავალება, რომელიც მან უნდა შეასრულოს.

კობახიძეს, რომელიც გუშინ იმასაც ვერ იხსენებდა, როგორ სცემდა „ხარება“ ადამიანებს საკუთარ მანქანასთან ერთი წლის წინ, დღეს ახერხებს გაიხსენოს, რომ თურმე ათწლეულების განმავლობაში, ევროპული ბიუროკრატია, ქართველი ხალხის წინააღმდეგ ყოფილა მომართული. დიახ, ის ევროპული ბიუროკრატია, რომელიც ათწლეულების მანძილზე აფინანსებდა ქართველი ერის განვითარებას, ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის განვითარებას. ის ბიუროკრატია, რომელმაც მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი და მოგვცა შანსი გადაგვედგა ნაბიჯი კეთილდღეობისა და მშვიდობისკენ, მანამ სანამ კობახიძეს თანაგუნდელები ასობით მილიონით და ჯამში მილიარდობით ძარცვავდნენ ღარიბი ხალხის ბიუჯეტს, ქვეყანაში, სადაც ბავშვებისათვის წამალს არ ყიდულობენ, მოხუცები კი გაუსაძლის მდგომარეობაში ცხოვრობენ.

„ძლიერი საქართველო” მიესალმება საქართველოს ერთგული მეგობრის, კაია კალასის წინადადებას. ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა საქართველო გავათავისუფლოთ რეჟიმისგან, რომელიც მიზანმიმართულად ჭრის ყველა იმ ტოტს, რაზეც ჩვენი სტაბილურობაა დამოკიდებული და შევქმნათ ეროვნული ხელისუფლება, რომელიც გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას, რასაც ევროკავშირი სთავაზობს ქართველ ხალხს, ჩვენი საუკეთესო ეროვნული ინტერესების განსახორციელებლად“,- განაცხადა გეგელიამ.