ნუგზარ წიკლაური - თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, ვინ არის მოღალატე, გამცემი, ხელისუფლების „შპიონი" ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას - ველი, რომ სახელები იქნება ნათქვამი - Palitra News

ნუგზარ წიკლაური - თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, ვინ არის მოღალატე, გამცემი, ხელისუფლების „შპიონი" ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას - ველი, რომ სახელები იქნება ნათქვამი

2026-05-22 22:50:22+04:00

თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, ვინ არის მოღალატე, გამცემი, ხელისუფლების „შპიონი" ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას. ველი, რომ სახელები იქნება ნათქვამი, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას: „რუსეთის აგენტურა იყო ჩემს გარემოცვაში, იყო ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად მეუბნებოდა, რომ ჩამოვსულიყავი - როცა ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა და არათუ არ დამხვდა, არამედ 2 საათში ჩემი მონაცემები გადასცა“.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა უნდა დაასახელოს ის ადამიანები, ვინც ის საქართველოში ჩამოიყვანა, რადგან „ასეთი ტიპის, სუს-ის ადამიანს შეუძლია მრავალ ადამიანს დაუნგრიოს ცხოვრება და ციხეში გამოკეტოს“.

„როდესაც ადამიანი ასეთ რამეს ამბობს, იქ პერსონალური საკითხი დადგება უმალ. ყველა ითხოვს ითქვას, ვინ იყო ის ადამიანი. ნათქვამია: ვინც მარწმუნებდა, ვინც წამომიყვანა, მანვე გადასცა ჩემი კოორდინატები სუს-ს. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში, ფარდის ჩამოფარება ასეთი ადამიანებისთვის არ არის სწორი. ველი, რომ სახელები იქნება ნათქვამი. იმ შემთხვევაში, თუ მიხეილ სააკაშვილმა იცის, ვინ არის მოღალატე, გამცემი, ხელისუფლების „შპიონი" ოპოზიციაში, რა თქმა უნდა, ეს უნდა ითქვას. ასეთი ტიპის სუს-ის ადამიანს შეუძლია მრავალ ადამიანს დაუნგრიოს ცხოვრება და ციხეში გამოკეტოს. რახან პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა ამის შესახებ, მან, რა თქმა უნდა, უნდა დაასახელოს ის ადამიანებიც, ვინც ჩამოიყვანა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ნუგზარ წიკლაურმა გადაცემაში სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის დაკავებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ არის „ტოტალური კორუფციის მანქანა და ქურდების და ბანდიტების პარტია“

წიკლაურის თქმით, ხელისუფლება სხვადასხვა ნიშნით იჭერს ხან ერთ, ხან მეორე ადამიანს, მაგრამ ეს ვერ იქნება დამამშვიდებელი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

„ყველაფერი არის დღესავით ნათელი, „ქართული ოცნება“ არის ტოტალური კორუფციის მანქანა. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ჩვენ ვნახეთ, რომ იმ ძიებებით, რაც ამ პარტიის შიგნით ჩატარდა, ქურდია ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ქურდია უამრავი ადამიანი, რომლებიც ძარცვავდნენ ხანდაზმულ ადამიანებს, ბავშვებს, ჯარისკაცებს. კორუფციის მასშტაბი ნამდვილად ტოტალურია. სხვადასხვა ნიშნით დაიჭერენ ხან ერთ ადამიანს, ხან მეორე ადამიანს, ეს ნამდვილად ვერ იქნება დამამშვიდებელი საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც უმოწყალოდ იძარცვებიან, პენსიონერებისთვის, რომელთა პენსია წლების განმავლობაში არ მატულობს და იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ითხოვენ წამალს, რათა განუკურნებელი სენისგან შეიმსუბუქონ მდგომარეობა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.