ბერდია სიჭინავა - არ არსებობს სფერო, სადაც მეტასტაზებივით არ შეაღწია კორუფციამ, როგორც მართვის სისტემამ - ლევან ახობაძეზე დევნა დაწყებულია იმისთვის, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოიყენონ - Palitra News

ბერდია სიჭინავა - არ არსებობს სფერო, სადაც მეტასტაზებივით არ შეაღწია კორუფციამ, როგორც მართვის სისტემამ - ლევან ახობაძეზე დევნა დაწყებულია იმისთვის, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოიყენონ

2026-05-22 22:30:12+04:00

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავეს იმის გამო, რომ სუს-ის ყოფილი უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

როგორც სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მსგავსი მაღალჩინოსნები ხშირად გამოიყენებიან უფრო მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ინფორმაციის მისაღებად.

ბერდია სიჭინავამ ასევე აღნიშნა, რომ ახობაძე ფლობს ინფორმაციას არა მხოლოდ ლილუაშვილზე, არამედ სხვა გავლენიან ფიგურებზეც, რომლებიც დღეს ხელისუფლების სხვადასხვა შტოში მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებენ.

„არ არსებობს სფერო, სადაც მეტასტაზებივით არ შეაღწია კორუფციამ, როგორც მართვის სისტემამ. კორუფციის უზარმაზარი საქმეებია აწყობილი. რაც შეეხება კონკრეტულად ლევან ახობაძის დაკავებას, მას მაღალი სახელმწიფო თანამდებობა ეჭირა და ძალიან სენსიტიურ ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი.

დღეს, ამ ადამიანებს იმას კი არ ედავებიან, რომ სახელმწიფოს რეპუტაციული ზიანი მიაყენა, არამედ იმაზე მეტი მოიპარა, რაც მოსაპარი იყო, დღეს კი „შავი სალარო“ ისევ შესავსები აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ლევან ახობაძეზე დევნა დაწყებულია, მხოლოდ და მხოლოდ, იმისთვის, რომ გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად გამოიყენონ. არ ვიცი მისცემს თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებას, მაგრამ ასეთი ტიპის თანამდებობის პირები ყოველთვის გამოიყენება იმისთვის, რომ სუს-ის იქნება თუ სხვა სახელმწიფო თანამდებობა, მათ წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

ლევან ახობაძე იყო ის თანამდებობის პირი, ვის ხელშიც იყო უამრავი სენსიტიური ინფორმაცია. ამიტომ, ამ ადამიანს არა მარტო ლილუაშვილზე აქვს ინფორმაცია, არამედ ბევრ იმ ადამიანზე“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მან ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ კორუფციის ბრალდებით დაკავებული სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ლევან ახობაძის ადვოკატი, ანტიკორუფციული სამსახურის ყოფილი უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილია.

სიჭინავას თქმით, პრობლემურია ის გარემოება, რომ კუპრაშვილი ახლა კორუფციულ საქმეზე დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატია, მაშინ როცა თავად წარსულში ანტიკორუფციულ ბიუროს ხელმძღვანელობდა. სიჭინავა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კუპრაშვილს, როგორც ლიცენზირებულ ადვოკატს, სამართლებრივად აქვს დაცვის უფლება, საკითხი ეთიკურ პრობლემებს აჩენს.

„სულ ვამბობდით, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ძლიერი ანტიკორუფციული სამსახური, მაგრამ ამ ანტიკორუფციულ სამსახურს ფუნქცია არ მისცეს. რაჟდენ კუპრაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია შეამოწმა და გვითხრა, რომ წესრიგში არისო. ადამიანი დაიჭირეს დაუდეკლარირებელი 6 მილიონი დოლარით.

სამართლებრივად, ალბათ აქვს უფლება, როგორც ლიცენზირებულ ადვოკატს დაიცვას მისი ინტერესები. ასეთ დროს რაღაც ეთიკა არსებობს, რომლის მიხედვითაც ანტიკორუფციული ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელი, როგორც ადვოკატი, კორუფციულ დანაშაულზე ბრალდებულის ინტერესებს არ იცავდეს. მითუმეტეს, პერიოდი ეხება იმ დროს, როდესაც თავად იყო ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, მინიმუმ ის ევალებოდა, რომ მონიტორინგი გაეწია ლევან ახობაძის დეკლარაციისთვის“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე დააკავა. უწყების ცნობით, ლევან ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე. ლევან ახობაძე სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის მოადგილე იყო. სუს-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ჩვენებით ირკვევა, რომ გრიგოლ ლილუაშვილი ახობაძის მიერ კერძო მეწარმისთვის ქრთამის მოთხოვნის საკითხზე ინფორმირებული იყო. უწყების ცნობით, „გრიგოლ ლილუაშვილის ჩარევით, ლევან ახობაძის მიერ კერძო მეწარმისგან მოთხოვნილი ქრთამის ოდენობა განახევრდა და კერძო მეწარმემ ახობაძისთვის გადასაცემად შუამავალს გადასცა 250 000 ლარი“.