აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს - Palitra News

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი თანამდებობას ტოვებს

2026-05-22 22:47:25+04:00

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ტულსი გაბარდი ივნისის ბოლოს დატოვებს თანამდებობას. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეარხი Fox News და აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებენ.

„გაბარდმა ამის შესახებ პრეზიდენტ ტრამპს პარასკევს ოვალურ ოფისში შეხვედრის დროს შეატყობინა. მოსალოდნელია, რომ ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისში მისი ბოლო სამუშაო დღე 30 ივნისი იქნება“, - წერს Fox News.

თავის გადადგომის წერილში, რომელიც Fox News-მა მოიპოვა, გაბარდი აღნიშნავს, რომ ის გადადგომას ითხოვს, ვინაიდან მის მეუღლეს ცოტა ხნის წინ ძვლების კიბოს უიშვიათესი ფორმა დაუდგინა.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „გაბარდმა შესანიშნავად შეასრულა თავისი სამუშაო“, მის მეუღლეს მალე გამოჯანმრთელება უსურვა და აღნიშნა, რომ გაბარდის პირველი მოადგილე, აარონ ლუკასი შეასრულებს ეროვნული დაზვერვის დირექტორის მოვალეობებს.