დავით გაბაიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა - Palitra News

დავით გაბაიძეს აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეუწყდა

2026-05-21 19:07:46+04:00

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე დავით გაბაიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ დადგენილების პროექტს უყარეს კენჭი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, საკითხი, სხდომაზე, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძემ წარადგინა.

მისი განცხადებით, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა დავით გაბაიძის უმაღლესი საბჭოს წევრისთვის შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევითაა გამოწვეული. გაბაიძე „აჭარის წყლის ალიანსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს.

უფრო ზუსტად, როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2026 წლის 15 მაისის წერილობითი შეტყობინების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს წარედგინა ინფორმაცია სააქციო საზოგადოება „აჭარის წყლის ალიანსის“ აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილების შესახებ, რომლის საფუძველზე, აღნიშნული საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია დავით გაბაიძე.

ცნობისთვის, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ თანამდებობა მიმდინარე წლის 30 მარტს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში დავით გაბაიძის ნაცვლად მინურ პაქსაძე შევა.