ირაკლი კობახიძე - ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი - თუ დაძლევენ საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები, ჩვენი ხელი არის გაწვდილი - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი - თუ დაძლევენ საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები, ჩვენი ხელი არის გაწვდილი

2026-05-19 11:44:00+04:00

ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი - თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ჩვენი ხელი არის გაწვდილი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპულ ბიუროკრატიას საქართველოში ხელისუფლების შეცვლა სურდა და აღნიშნული გადაწყვეტილების შესრულებას უსამართლობის, როგორც ინსტრუმენტის, გამოყენება სჭირდებოდა.

„ურთიერთობებში მთავარი არის სამართლიანი პრინციპები, თუ სამართლიან პრინციპებს არ ეფუძნება ურთიერთობები, ამ ურთიერთობებს პერსპექტივა არ აქვთ. მთავარი პრობლემა რამ შექმნა ურთიერთობებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის - უსამართლობამ, უსამართლო დამოკიდებულებამ ქართველი ხალხის მიმართ და ქართული სახელმწიფოს მიმართ, აქაც იყო ორმაგი სტანდარტები, სრულიად უსამართლო შეფასებები. თქვენ იცით, რომ საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის არის აბსოლუტური ლიდერი, ეს ეხება როგორც დემოკრატიულ პროცესს, ეკონომიკურ წინსვლას, ინსტიტუტების გამართულ მუშაობას, კორუფციის სიმცირეს, ყველა პარამეტრით საქართველო არის აბსოლუტური ლიდერი, თუმცა ამ ფონზე ევროპულმა ბიუროკრატიამ გადაწყვიტა საქართველოში შეეცვალა ხელისუფლება, მას შემდეგ, რაც ჩვენ გავძალიანდით და არ ჩავერთეთ ომში. ამ გადაწყვეტილებას სჭირდებოდა აღსრულება და მათთვის უსამართლობა იყო ამ გადაწყვეტილების აღსრულების ერთადერთი ინსტრუმენტი. შესაბამისად, გადაწყვიტა, მაგალითად, ევროკავშირის ელჩმა, პირდაპირ ჩაგვრეოდა ადგილობრივ დემოკრატიულ არჩევნებში 2024 წელს, პირდაპირ მოუწოდებდა ევროკავშირის ელჩი ქართველ ამომრჩეველს მობილიზებისკენ ხელისუფლების წინააღმდეგ. პირდაპირ სცენაზე გამოდიოდნენ ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები. ამ დონეზე გათამამდნენ საკუთარ უსამართლობაში და ამან, რა თქმა უნდა, შექმნა პრობლემები და გააჩინა ბზარი ურთიერთობებში, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო, სადაც არის უსამართლობა, იქ ვერ შედგება ჯანსაღი ურთიერთობები. შესაბამისად, ახლა ევროპული ბიუროკრატია არის საკუთარი უსამართლობის მძევალი, ვერ გამოდიან ამ წრიდან, თვითონვე შექმნეს ეს უსამართლობის წრე, თვითონვე ჩაიკეტეს საკუთარი თავი ამ წრეში და ახლა აქედან ვეღარ გამოდიან. რეალურად მათ უნდა დაძლიონ კომპლექსები, ის კომპლექსები, რომლებიც თვითონვე შექმნეს საკუთარი უსამართლობის საფუძველზე. თუ ევროპული ბიუროკრატია დაძლევს საკუთარ კომპლექსებს, ძალიან მარტივად გადაიტვირთება ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ჩვენი ხელი არის გაწვდილი, დაველოდებით მათი კომპლექსებისგან გათავისუფლებას.“- განაცხადა კობახიძემ.