ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილს არასდროს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია, უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული - Palitra News

ადვოკატი - გრიგოლ ლილუაშვილს არასდროს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია, უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული

2026-05-13 14:48:07+04:00

არასდროს, ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული, - ამის შესახებ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულის, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატმა ლანა ცერცვაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, კახაბერ გვანცელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი მეგობრები არასდროს ყოფილან და არც ერთმანეთთან უთანამშრომლიათ.

„კატეგორიულად შემიძლია ვთქვა ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით, არანაირი სახის მტკიცებულება, რომელიც ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს ამხელს, საქმეში ფიზიკურად არ მოიპოვება.

ბაღების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე ბატონი გრიგოლის მეგობარი არ არის. შესაძლოა, ნაცნობობა ჰქონოდათ, არანაირი თანამშრომლობა მათ შორის, არ ყოფილა, ეს საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ არანაირი შემხებლობა ამ ორ პირს ერთმანეთთან არ ჰქონია. ვინმე თუ რამე თანხას ითვისებდა, ეს ბუნებრივია, საგამოძიებო ორგანომ უნდა გამოიძიოს და შესაბამისი ზედამხედველობა განახორციელოს პროკურატურამ, მაგრამ არა იმის ხარჯზე რომ, ადამიანი - გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც არანაირ შემხებლობაში არაა აღნიშნულ ეპიზოდთან, მას მოედავოს და ბრალდებულის სტატუსით აღჭურვოს. არასდროს, ბატონ ლილუაშვილს არავისგან, მათ შორის, არც კახაბერ გვანცელაძისგან ქრთამი არ აუღია. უფრო მეტიც, კახაბერ გვანცელაძე თვითონ რას იღებდა, ესეც კი არ არის დადასტურებული",- განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.