გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სწრაფად ცვალებად მსოფლიოში ჩამორჩენის რისკი არსებობს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„გამოწვევები ძალიან დიდია, რადგან ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიქმნიდით პრობლემებს, რომელთა გადაჭრაც ახლა გვიწევს. ჩვენ უბრალოდ ვერ შევძელით ჩვენი ქვეყნის მოდერნიზაცია. ამიტომ, გერმანიამ თავი ხელში უნდა აიყვანოს. გერმანია უნდა გაუმკლავდეს სტრუქტურულ პრობლემებს, რომლებსაც მრავალი წლის განმავლობაში ვაჭიანურებდით, პრობლემებს, რომლებიც შესაბამისად სტაბილურად იზრდებოდა. თქვენ ეს იცით, ჩვენ ყველამ ვიცით ეს“, - აღნიშნა მერცმა პროფკავშირების წევრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
გერმანიის კანცლერმა ხაზი გაუსვა, რომ მაღალი ხარჯები და ბიუროკრატია აზიანებს ბიზნესს, საფრთხეს უქმნის სამუშაო ადგილებს და მომავალი თაობების კეთილდღეობას.
Reuters-ი წერს, რომ მის მოსაზრებას ჯანდაცვისა და პენსიების რეფორმირების შესახებ, რაც პირდაპირ „დემოგრაფიისა და მათემატიკის“ საკითხს წარმოადგენს, შეძახილები, სტვენა და სიცილი მოჰყვა.
გამოცემა წერს, რომ თანამდებობაზე ერთწლიანი ყოფნის შემდეგ, მერცის პოპულარობა დაეცა და მისი მთავრობა ჩართულია დავაში იმის შესახებ, თუ რამდენად შორს და რამდენად სწრაფად უნდა განხორციელდეს გერმანიის ეკონომიკის რეფორმირება ზრდის აღსადგენად და ჯანდაცვისა და პენსიების მზარდი ხარჯების დასაძლევად